თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
აქედან გამოჯანმრთელდა 107 ადამიანი, გარდაიცვალა 5 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 584 ადამიანია.
ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.