განსაკუთრებული ტოსტი დისნეილენდის მზარეულებისგან: ვიდეო-რეცეპტი

დისნეილენდის მზარეულები განაგრძობენ კარანტინში მყოფი მკითხველების განებივრებას თავისი უნიკალური რეცეპტებით და ამჯერად უგემრიელეს საუზმეს გვთავაზობენ.
Sputnik

თემატური პარკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ცნობილი საუზმის რეცეპტი — ფრანგული ბანანის ტოსტი შოკოლადითა და არაქისის კარაქით. 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • რბილი, ფუმფულა პურის 8 ნაჭერი (უმჯობესია ტრადიციული ებრაული პურის — ჰალას გამოყენება. სწორედ ჰალათი მზადდება საუკეთესო ფრანგული ტოსტები),
  • 2 მწიფე ბანანი,
  • 1/4 ჭიქა შოკოლადის ბურბუშელა,
  • ნახევარი ჭიქა არაქისის ნაღების კარაქი, 
  • 6 კვერცხი,
  • 3/4 ჭიქა უცხიმო შოკოლადის რძე,
  • 1 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი,
  • 1/4 ჩ/კ მარილი.  

მომზადების წესი:

დიდ თასში მოათავსეთ 2-3 სმ ზომის კუბიკებად დაჭრილი პური, დაუმატეთ ბანანის ნაჭრები (დაახლოებით 1,5 სმ სისქისა) და შოკოლადის ბურბუშელა.

ცალკე შეურიეთ ერთმანეთს არაქისის კარაქი, კვერცხი, შოკოლადის რძე, დარიჩინი და მარილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ეს ნაზავი დაასხით პურსა და ბანანს და ორიოდე წუთით დააყოვნეთ, რათა კარგად გაიჟღინთოს.

შემდეგ ეს ყველაფერი გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში 175 გრადუსზე.

მზა ტოსტი შეგიძლიათ დანამოთ შოკოლადის სიროფით ან მორთოთ შაქრის პუდრით.

გემრიელად მიირთვით!