თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. კაცობრიობა შესაძლოა მასობრივ შიმშილობას შეეჯახოს კორონავირუსული პანდემიის გამო, თუ სასურსათო უსაფრთხოებას არ უზრუნველვყოფთ, განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ.
„თუ არ მოვემზადებით და ახლავე არ დავიწყებთ მოქმედებას, რამდენიმე თვის შემდეგ შესაძლოა ბიბლიური მასშტაბების შიმშილობას შევეჯახოთ“, — აღნიშნა ბიზლიმ.
პროგრამის დირექტორი საფრთხის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე აუცილებელ ზომას ასახელებს. უპირველესად ის საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, დაუბრკოლებლად გაატარონ ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, ბიზლის აუცილებლად მიაჩნია 350 მლნ დოლარის ჩადება ლოგისტიკური ცენტრების ქსელის შესაქმნელად, რაც ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდებას უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ადრეული შეტყობინების სისტემა, არ იქმნებოდეს დაფინანსების დეფიციტი, წყვეტა ვაჭრობაში და არ უნდა დაიკარგოს წვდომა მოშიმშილე მოსახლეობასთან.
„დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ბრძნულად და სწრაფად“, — მოუწოდებს გაეროს პროგრამის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსოფლიო სასურსათო პროგრამის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, COVID-19-ის გამო 2020 წლის ბოლოს მსოფლიოში 130 მლნ ადამიანი შეეჯახება შიმშილის პრობლემას.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 564 190 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 177 445 და განკურნებულია 681 842 პაციენტი. ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 825 041 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (204 178), მესამეზე — იტალია (183 957). ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 80-ს შეადგენს.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული და მასთან დაკავშირებულის რამდენიმე საინტერესო მოვლენა, რომლებიც მსოფლიოში 21–22 აპრილის ღამით მოხდა, ასე გამოიყურება:
- იტალიაში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში 2 723 პაციენტი განიკურნა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების მომენტიდან;
- „მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერმა გრეგ ნიკოტერომ "COVID-19-ის დასაფრთხობად" საკუთარი სახლის ჭიშკარს ზომბების თავები ჩამოაცვა და ფოტო სოციალურ ქსელში გამოქვეყნა წარწერით: „ვრთავ ჩემი სახლის ჭიშკარს, რაღა თქმა უნდა, ვირუსის დასაფრთხობად!“