თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამ შეიძლება ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა გამოიწვიოს, ამიტომ იგი უნდა გახანგრძლივდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტი განიხილავს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს. საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ – 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ სოლიდარობისთვის. სწორედ იმისთვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, რადგანაც შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი და დიდი საფრთხეები. კერძოდ, მეორე ტალღა, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან მან უპასუხა ოპოზიციური პარტიების პროტესტს, რომლებიც მხარს არ უჭერენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის გარეშე.
„დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით. ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას დღესვე მოითხოვს. გეთანხმებით, რომ ასეთი გეგმა აუცილებელია, თუმცა, ეს ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა წარმოადგინოს ანტიკრიზისული გეგმა.
„საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ფინანსური დახმარების გამოყოფაზე დაპირება მიიღო, რის საფუძველზეც მუშავდება ანტიკრიზისული გეგმა. ჩვენ მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში ველოდებით და იმედი მაქვს, რომ იგი უპასუხებს მოსახლეობისა და საწარმოების მოთხოვნებს, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პროექტს პარასკევს, 24 აპრილს წარმოადგენს. პროექტი ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი: მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, მთავრობა წარმოადგენს შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმას.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღება მოახერხა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის გაგრძელებას, რაც წლის ბოლომდე საქართველოსთვის 447 მლნ დოლარის გამოყოფას ნიშნავს.
ასევე აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანული განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომლებიც ქვეყნის ერთგული დონორები არიან, საქართველოსთვის 2020 წლის ბოლომდე გამოყოფენ 1,5 მილიარდ დოლარს.