COVID-19 - ბოლო ცნობები

მარნეულში პროტესტი დასრულდა – მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ხელისუფლებამ მარნეულის მუნიციპალიტეტში შეკრებილთ პირობა მისცა, რომ ფერმერებისგან პროდუქციას შეიძენენ.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში გამართული აქციის მონაწილეებმა პროტესტი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ადგილობრივი ხელისუფლება მათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას დაპირდა. 

„გაუქმდეს კარანტინი და აღდგეს ვაჭრობა“ – მარნეულის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

მარნეულის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ცენტრალური გზა გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს. მთავარი მოთხოვნა – მარნეულში კარანტინის გაუქმება და ვაჭრობის აღდგენა იყო. ფერმერების განცხადებით, მათ კიტრის მოსავალი უფუჭდებათ და ოჯახების გამოკვებას ვერ ახერხებენ.

ხელისუფლებამ შეკრებილთ პირობა მისცა, რომ ფერმერებისგან პროდუქციას შეიძენენ. სატვირთო მანქანები იმ სოფლების ცენტრებში გაჩერდებიან, სადაც მოსავალი უკვე აღებული აქვთ.

აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა გამართეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მაცრი კარანტინის რეჟიმი 22 მარტს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც მარნეულის მცხოვრები ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ამ დროისთვის რაიონის შესასვლელებში 12 ბლოკ-პოსტია განთავსებული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი დაუფიქსირდა 411 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 98 და გარდაიცვალა 5 ადამიანი.