თბილისი, 22 აპრილი – Sputnk. კახეთის რეგიონში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ავტომობილების გადაადგილებაზე შეღავათები შემოიღეს. ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია რეგიონის მუნიციპალიტეტების ოფიციალურ Facebook-გვერდებზე.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილიდან აიკრძალა. ავტომობილების მოძრაობა 28 აპრილიდან განახლდება.
„27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში 06:00 საათიდან 08:00 საათამდე და 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის“, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმაც.
მძღოლებს ასევე მოუწოდებენ მგზავრთა გადაყვანის დროს დაიცვან საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული უსაფრთხოების წესები, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილში არაუმეტეს სამი ადამიანის ყოფნას – ორი მგზავრი უკანა სავარძელზე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.