COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის ყველაზე აგრესიული შტამები: ჩინელი მეცნიერები გვაფრთხილებენ

ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, პირველებმა მათ შეძლეს იმის დადგენა, რომ კორონავირუსის მუტაციას დაავადების პათოგენეზის ცვლილება შეუძლია.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. დაავადება COVID-19-ის პათოგენეზი შესაძლოა განსხვავდებოდეს მისი აღმძვრელის, კორონავირუსი SARS-CoV-2-ის შტამიდან გამომდინარე, ასკვნიან ჩინელი სწავლულები, რომელთა ნაშრომის პრეპრინტიც გამოქვეყნებულია პორტალზე MedRxiv

COVID-19 მძიმე ფორმებს მიიღებს, თუ... მეცნიერები ადრეულ ნიშნებს ასახელებენ

პრეპრინტი — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება არ აქვს გავლილი. პრეპრინტის მიზანია, მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ის გამოქვეყნდეს რეცენზირებულ სამეცნიერო გამოცემაში.  

ცნობილი ხდება, რომ მკვლევარებმა ჰანჩჟოუში COVID-19-ით დაავადებული 11 შემთხვევითი პაციენტისგან აღებული კორონავირუსის სხვადასხვა მუტაციის ნიმუშები შეისწავლეს და გააანალიზეს - რამდენად სწრაფად აღწევენ სხვადასხვა შტამები ადამიანის უჯრედებში და რა დროში ანადგურებენ მათ.

ანალიზმა აჩვენა, რომ ჩინელ პაციენტებში აღმოჩენილი ყველაზე აგრესიული მუტაციები ისეთივეა, როგორებიც იტალიასა და ესპანეთშია გავრცელებული, ხოლო ნაკლებად აქტიურები — ისეთივე, როგორებიც ყველაზე ხშირად აშშ-ში, კერძოდ, ვაშინგტონში ვლინდება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე ამერიკელმა გენეტიკოსმა იკან ჰარმ ვან ბაკელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში (რომელიც აშშ-ში ინფექციის ეპიცენტრია) კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა უმეტესობას ევროპული წარმომავლობა აქვს. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფიც. 

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს

ჩინელი მეცნიერები კი ირწმუნებიან, რომ პირველებმა მათ შეძლეს იმის დამტკიცება, რომ კორონავირუსის მუტაციას დაავადების პათოგენეზის შეცვლა შეუძლია. მათი თქმით, კორონავირუსის ყველაზე აგრესიულ შტამებს 270-ჯერ მეტი ვირუსული დატვირთვა აქვს, ვიდრე მის ყველაზე სუსტ მუტაციებს.

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ კორონავირუსის ყველაზე სუსტი მუტაციები არ გამორიცხავს ლეტალურ შედეგს ადამიანთა ყველა ჯგუფში. მაგალითად, ჩჟეციანში ორი პაციენტი, დაახლოებით 30 და 50 წლისა, სუსტი მუტაციებით იყვნენ ინფიცირებული, მაგრამ დაავადება მძიმე ფორმებში განუვითარდათ. საბოლოოდ ორივე განიკურნა, თუმცა ასაკით უფროსს რეანიმაციაში მკურნალობამ მოუწია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტაივანელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუს SARS-CoV-2-ის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია აღმოაჩინეს. მათი აზრით, ეს ბადებს იმედს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტური იქნება, თუმცა, თუ ახალი კორონავირუსის მუტაცია გაგრძელდება, ეს ვაქცინაზე მუშაობას გაართულებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 478 153 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 170 368 და განკურნებულია 651 503 პაციენტი.