COVID-19 - ბოლო ცნობები

პოეზიის ხიდები: დავით დეფი ნიუ-იორკის პოეტურ საღამოში მიიღებს მონაწილეობას

პოეტები ნიუ-იორკსა და ახალ ზელანდიაში საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ თავიანთი სახლებიდან 20:00-დან 21:15 საათამდე ჩრდილოეთ ამერიკის დროით.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. ქართველი პოეტი და რომანისტი დავით დეფი (გოგიბედაშვილი) ამერიკელ პოეტებთან ბილი ლამონტთან (Billy Lamont) და ჰანტერ ბეთთან (Hunter Beth) ერთად მონაწილეობას მიიღებს პოეტურ საღამოში „მსოფლიო პოეტური ხიდები“. ღონისძიება ონლაინ-ფორმატში 23 აპრილს გაიმართება.

პოეტები ნიუ-იორკსა და ახალ ზელანდიაში საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ თავიანთი სახლებიდან 20:00-დან 21:15 საათამდე ჩრდილოეთ ამერიკის (აღმოსავლეთის) დროით.

„კორონავირუსის მსოფლიო ეპიდემიის, იზოლაციის, უოლ-სტრიტზე ნგრევისა და მრავალ ქვეყანაში ფინანსური ტრავმების დროს დადგა დრო მსოფლიო პოეტური ხიდისა პოეტების – დავით დეფისა და ბილი ლამონტის, სიმღერების ავტორის ჰანტერ ბეთის მონაწილეობით, რომლის ტექსტებიც პოეზიას წარმოადგენს“, – ნათქვამია საღამოს ანონსში.

დავით დეფი ქართველ–ამერიკელი პოეტი, რომანისტი და პუბლიცისტია. არის ათი რომანისა და 12 პოეტური კრებულის ავტორი. მისი მოთხრობა „დასასრულამდე" შეტანილია ამერიკულ მსოფლიო გამოცემაში Best European Fiction 2012 („ევროპის საუკეთესო ნაწარმოები 2012"). 

გოგიბედაშვილი ზურაბ ლეჟავას შემდეგ მეორე ქართველი მწერალია, რომლის ნაწარმოები ევროპის საუკეთესო მოთხრობების კრებულში მოხვდა.