COVID-19 - ბოლო ცნობები

აბზინდის ნაყენი COVID-19-ის სამკურნალოდ: ჯანმო ოფიციალურად განმარტავს

აღსანიშნავია, რომ აბზინდა დიდი ხანია მედიცინაში გამოიყენება. ის შედის ბრიტანეთის ფარმაკოპეაში, იყენებენ მრავალი ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში და ჰომეოპათიაში.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ იცის, შველის თუ არა აბზინდის ნაყენი COVID-19-ს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანმოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფადელა ჩაიბმა.

„ასობით შეტყობინებას ვიღებთ იმ წამლების, ბალახების ნაკრებებისა თუ მკურნალობის მეთოდების შესახებ, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ გამოიყენება. ამ დროისათვის ჩვენ ვიცით, რომ ეფექტური წამალი და ვაქცინა არ არსებობს“, — განაცხადა ფადელა ჩაიბმა.

ორგანიზაციამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რაჯოელინამ აბზინდაზე დამზადებული წამალი წარმოადგინა კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ. მისი თქმით, ნაყენს, რომელიც შვიდი დღის განმავლობაში იძლევა შედეგს, სკოლის მოსწავლეებს მისცემენ.

„ცდები ჩატარდა. ორი ადამიანი უკვე განიკურნა ამ ნაყენით“, — განაცხადა პრეზიდენტმა და საზოგადოების თვალწინ დალია წამალი, რომელსაც Covid-Organics უწოდეს.

​აღსანიშნავია, რომ აბზინდის ნაყენის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე არ დადასტურებულა, ასევე არ ყოფილა გამოქვეყნებული არანაირი რეცენზირებული კვლევა. შესაბამისად, წამყვანი მეცნიერები საზოგადოებას შეუსწავლელ წამალთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებზე აფრთხილებენ.

წაიკითხეთ აქ: მწარე აბზინდა – სამკურნალო თვისებები>>

აღსანიშნავია, რომ აბზინდა დიდი ხანია მედიცინაში გამოიყენება. ის რეფლექტორულად აღაგზნებს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გამოიყენება პანკრეასის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლიგიებისას. გარდა ამისა, შედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის გამაუმჯობესებელ წვეთებში, მადისმომგვრელ, მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ნაღვლისმდენ ნაკრებებში. აბზინდა შედის ბრიტანეთის ფარმაკოპეაში, იყენებენ მრავალი ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში და ჰომეოპათიაში.