COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში მიცვალებულების ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაფლაოებზე გასვლა 17 აპრილიდან ათი დღით შეიზღუდა, ასევე 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გარდაცვლილებს მოიხსენიებს, ქვეყნის ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იმართება.

საქართელოს მასშტაბით სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ>>

ჩვეულებრივ, კვირას – აღდგომის დღეს, ან ორშაბათს ოჯახები საფლავზე გადიან, მიაქვთ შეღებილი კვერცხი, პასკა და ხშირად სუფრასაც შლიან.

სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 2020 წელს აიკრძალა ტრადიციული გასვლა სასაფლაოებზე – მთავრობამ 17 აპრილიდან სასაფლაოებზე გასვლა ათი დღით შეზღუდა.

მანამდე საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას.

„ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს, დღევანდელ რეალობას, ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც, გათვალისწინებით იმ შეზღუდვებისა, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, არ გავალთ საფლავზე“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

საქართველოს მასშტაბით 56 მუნიციპალური სასაფლაო იკეტება>>

გარდა ამისა, 17 აპრილიდან 21 აპრილამდე ხელისუფლებამ აკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტს, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანაგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დღეისთვის ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე), აკრძალულია სამზე მეტი ადამიანის შეკრება. წესების დამრღვევებს პოლიცია აჯარიმებს.