COVID-19 - ბოლო ცნობები

ევროპის ხუთი ქვეყანა დღეიდან საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას იწყებს

მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დღეიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის ხუთი სახელმწიფო დღეიდან საკარანტინო შეზღუდვების ნაწილს აუქმებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაწესებული, იუწყება DW.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია გერმანიაზე, ჩეხეთზე, საფრანგეთზე, ნორვეგიასა და პოლონეთზე. 

COVID-19: ევროპის ორი ქვეყანა შეზღუდვების ნაწილობრივად მოხსნას იწყებს

გამოცემის ცნობით, გერმანიაში დღეიდან გაიხსნება 800 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის კომერციული დაწესებულებები, წიგნებისა და ველოსიპედების მაღაზიები და ასევე ავტოსალონები.

ჩეხეთი საზოგადოებრივი ცხოვრების აღდსადგენად ხუთეტაპიანი გეგმის განხორციელებას იწყებს. პირველ რიგში იქ ბაზრები გაიხსნება და ასევე გაჩნდება ღია ცის ქვეშ გარკვეული სემინარების ჩატარების შესაძლებლობა. მოქალაქეებს უჩნდებათ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა უკან დაბრუნებულებმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.   

პოლონეთში იხსნება პარკები და ტყეები. გარდა ამისა, იზრდება მაღაზიაში ერთდროულად დასაშვებ პირთა რაოდენობაც.

ნორვეგიაში დღეიდან ამუშავდება საბავშვო ბაღები, ხოლო სკოლები, სილამაზისა თუ მასაჟის სალონები და უნივერსიტეტები ერთი კვირის განმავლობაში გაიხსნება.

საფრანგეთის მოხუცებულთა სახლებში დაიშვება ნათესავების ვიზიტები, თუმცა ფიზიკური კონტაქტი სახლების ბინადარ ასაკოვან ადამიანებთან მაინც იკრძალება. გარდა ამისა, მოხუც ნათესავს სანახავად ერთდროულად მხოლოდ ორი ადამიანი შეიძლება ეწვიოს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 404 325 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 165 238 და განკურნებულია 624 798 პაციენტი.