გახარია: მადლობა ყველას, ვისაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციები გაითვალისწინეს.

სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მასობრივი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება დიდ რისკს შეიცავს, რამდენიმე ასეული მორწმუნე მაინც მივიდა ტაძარში და მთელი ღამის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ. საკომენდანტო საათის დარღვევის და ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, მათ დილის 06:00 საათამდე ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ.

სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ დისტანციის დაცვით სამებაში დაეტეოდა დაახლოებით ორი ათასი ადამიანი, მაგრამ მათი რაოდენობა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. მორწმუნეების ძირითადმა ნაწილმა დღესასწაულზე სახლში დარჩენა გადაწყვიტა.

„გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო! გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ“, - წერს გიორგი გახარია.
ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

პრემიერ-მინისტრი ასევე მადლობას უხდის ექიმებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, პოლიციას და ჯარს, რომელიც ზრუნავს არამხოლოდ კანონის აღსრულებაზე, არამედ მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც.

„მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს პირად ინტერესზე მაღლა, საზოგადოებრივ ინტერესს და კეთილდღეობას აყენებთ. წინ მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობით, შემართებით და ერთიანობით, ჩვენ ამ ურთულეს გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. აღნიშნული რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდება. ნებართვის გარეშე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გამოჩენა. დაკეტილია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი.