სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ დისტანციის დაცვით სამებაში დაეტეოდა დაახლოებით ორი ათასი ადამიანი, მაგრამ მათი რაოდენობა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. მორწმუნეების ძირითადმა ნაწილმა დღესასწაულზე სახლში დარჩენა გადაწყვიტა.
მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მასობრივი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება დიდ რისკს შეიცავს, რამდენიმე ასეული მორწმუნე მაინც მივიდა ტაძარში და მთელი ღამის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ. საკომენდანტო საათის დარღვევის და ჯარიმის თავიდან ასაცილებლად, მათ დილის 06:00 საათამდე ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 394 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 86 უკვე განიკურნა, ხოლო ოთხი გარდაიცვალა.