COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველომ 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ ტესტი მიიღო

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქნა შეძენილი და ტრანსპორტირებული.

„როგორც ცნობილია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნების უმეტესობამ შემოღებული საგანგებო რეჟიმის ღონისძიებების ფარგლებში აკრძალვა დააწესა მთელი რიგი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები კი ხელს უწყობენ არა მხოლოდ საჭირო პროდუქციის მობილიზებას, არამედ შემდგომ მათ სათანადო ტრასპორტირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
COVID-19: საქართველოში საავადმყოფოების მობილიზაციისთვის ემზადებიან

დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

არის ასევე სწრაფი ანუ ექსპრეს-ტესტები, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 18 აპრილისთვის >>

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5053, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 527.