ქრისტე აღდგა! იერუსალიმში ცარიელ აღდგომის ტაძარში ღვთიური ცეცხლი გადმოვიდა - ვიდეოკადრები

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო იერუსალიმში, როგორც მთელს მსოფლიოში, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. პანდემიის გამო, ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს.
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:50 საათზე გადმოვიდა.

პატრიარქმა ის უკვე გამოიტანა კუბუკლიიდან.

ღვთიური ცეცხლი ქრისტეს ნათელი აღდგომის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ პეტრე მოციქული ამბობდა და მორწმუნეთათვის წმინდათა წმინდაა. მართლმადიდებლური აღდგომის წინ მართლმადიდებელი პატრიარქის, სამღვდელოებისა  და  ათასობით მორწმუნეს ლოცვის შემდეგ ცეცხლის გარდამოსვლას „ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივ გარდამოსვლას“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგულარულად ხდება.

CNN: ტაძრებში აღდგომის ხალხმრავალი აღნიშვნა საქართველოსთვის კატასტროფად შეიძლება იქცეს

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო იერუსალიმში, როგორც მთელს მსოფლიოში, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. პანდემიის გამო, ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ ესწრება.

აღდგომის ტაძრის კარი მხოლოდ 15-მდე პირის თანხლებით გაიხსნა, მათ შორის იყვნენ სამართალდამცველები და სასულიერი პირები.

აღდგომის ტაძარში შესვლის უფლება სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელს მიეცა.

ამასთან, წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან.

საქართველოში წმინდა ცეცხლს სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტიდან ჩამოიტანს. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.