გარდაიცვალა კინორეჟისორი რეზო ესაძე

ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე, იუწყება პირველი არხი.

რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაიცვალა კინორეჟისორი რეზო ესაძე

რეზო ესაძე სოფელ შემოქმედში 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებლად სკოლაში. იყო თბილისის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის სადგურის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

გარდაიცვალა კინორეჟისორი რეზო ესაძე

1964 წელს ესაძემ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან კი რეჟისორად დაიწყო მუშაობა სტუდია „ლენფილმში", ხოლო 1972 წლიდან „ქართულ ფილმში".

მსახიობი რეზო ესაძე გადაღებულია ფილმებში: მიხეილ რომის „ერთი წლის ცხრა დღე", „თენგიზ აბულაძის „მონანიება", ირაკლი კვირიკაძის „ქალაქი ანარა" და ა.შ.

გარდაიცვალა კინორეჟისორი რეზო ესაძე

როგორც რეჟისორი მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა „ნეილონის ნაძვის ხე" (1985), „ერთი ნახვით შეყვარება" (1975), „საქორწინო საჩუქარი" (1982), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981) და ა.შ.

რეზო ესაძე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა (1980). 2016 წელს თბილისის XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „თვე, როგორც ერთი დღე". ამავე ფორუმზე ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა „ოქროს პრომეთეს" პრიზით.