COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში Covid-19-ით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი 370 ადამიანს დაუსვეს.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის ერთ-ერთი ექიმია, განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 51 პაციენტი მკურნალობს. აქედან კორონავირუსი დადასტურებულია 24 პაციენტთან, მათ შორის შვიდი არასრულწლოვანია.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

სოლოღაშვილის ინფორმაციით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ორივე ახალი პაციენტი არის გადმოყვანილი თბილისის მედიცინის ცენტრიდან. არასრულწლოვანი არც ერთი არ არის. ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმია. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. დღეს 15 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, ცხრა პაციენტია საყურადღებო“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ 540 პაციენტია.