თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით 10 დღის განმავლობაში სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება, შეზღუდვა შეეხება თბილისსა და რეგიონებში არსებულ 56-ვე მუნიციპალურ სასაფლაოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო. ინფექციონისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ქვეყანა ვირუსის სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.
კანონის აღსრულებას გზებზე სამართალდამცველები გააკონტროლებენ, კანონდამრღვევები კი დაჯარიმდებიან.
მანამდე საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას.
„ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს, დღევანდელ რეალობას, ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც, გათვალისწინებით იმ შეზღუდვებისა, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, არ გავალთ საფლავზე“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღეებში კი სასაფლაოზე გასვლა საქართველოში ძველი ტრადიციაა. ხალხს სასაფლაოზე მიაქვს შეღებილი კვერცხები, პასკა, ღვინო და ხშირად პურმარილსაც შლის.
მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 370 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 79 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 5035, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 540.