COVID-19 - ბოლო ცნობები

პრეზიდენტი: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კრიტიკული ფაზა იწყება

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას რთული ორი–სამი კვირა ელოდება, ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დარჩეს სახლში
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik.  ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და, დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მთელი ქვეყნის მოსახლეობას კანონის დაცვისკენ და აღდგომის დღესასწაულებზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

გამყრელიძე: საქართველო სრული კარანტინის გამოცხადების ზღვარზეა

„მე, პრემიერთან ერთად, მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა, ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყნის სახელმწიფო მეთაური დარწმუნებულია, რომ კანონი ერთობლივი ძალების წყალობით აღსრულდება და, როგორც აქამდე, ქვეყანა სამაგალითოდ დაძლევს კრიზისის პირველ ფაზას, შეძლებს გაუმკლავდეს სხვალინდელ რთულ დღეებს.

 „ჩვენ გველის ორი–სამი, თუ არა მეტი, უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა! დარჩით სახლში!“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან კი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციით მიზნით, ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყანაში მოქმედებს საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი – 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებას გეგმავს.