COVID-19 - ბოლო ცნობები

ლენტეხში თერმოსკრინინგი ჩატარდა – ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა

ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინე ზონად 10 აპრილს გამოცხადდა. რაიონში დღეისთვის ინფიცირების ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
Sputnik

 

თბილისი, 17 აპრილი – Sputnk.  ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა –  მოსახლეობას სრული თერმოსკრინინგი ჩაუტარდა, საეჭვო სიმპტომების მქონე პირები არ გამოვლენილა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ბათუმში 50 ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან

ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინე ზონად 10 აპრილს გამოცხადდა. რაიონში დღეისთვის ინფიცირების ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული. თვითიზოლაციაში იმყოფება 41 ადამიანი.

ლენტეხის მოსახლეობის თქმით, ისინი სრულად ემორჩილებიან საკარანტინო პირობებს და აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენას აპირებენ.

„ხელისუფლება წამლებითა და პროდუქტებით გვეხმარება. თუ ჩვენ თავს არ მოვუფრთხილდით, მაშინ ვერავინ გვიშველის“, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა კოტიკო ჯანხოთელმა.

 „ეკლესიაში ან სასაფლაოზე გასვლას არ ვაპირებთ, დავრჩებით სახლში – უნდა ვიფიქროთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე“, – აღნიშნა ლენტეხის მკვიდრმა შორენა რატიანმა.

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის თქმით, აღდგომის დღესასწაულებზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ყველა სასაფლაო დაკეტილი იქნება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 370–ს მიაღწია, გარდაიცვალა სამი, გამოჯანმრთელდა 79.