COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი საქართველოში: სამშენებლო ობიექტებს უსაფრთხოების კუთხით ამოწმებენ

ყველა სამშენებლო ობიექტი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ითვალისწინებს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnk. საქართველოში ამოწმებენ სამშენებლო ობიექტებს, თუ რამდენად შეესაბამება იქ არსებული ვითარება პანდემიის პირობებში მუშაობის წესებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს – დახურულია სავაჭრო ობიექტები, გარდა პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქებისა, შეჩერებულია ბიზნეს-კომპანიების უმეტესობის მუშაობა. ხელისუფლებამ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ნებართვა გასცა იმ პირობით, თუ ობიექტებზე ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციები იქნება დაცული.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ყველა მომუშავე ადამიანი უნდა იყოს სპეციალურ ნიღაბსა და ხელთათმანში, უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია – 2 მეტრი. გარდა ამისა, მათ ყოველდღე უსინჯავენ ტემპერატურას და საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე საავადმყოფოში გადაჰყავთ.

„სააავტომობილო გზების დეპარტამნტის კონტრაქტორი ორგანიზაციები სრულად არიან ინფორმირებული, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო ობიექტებზე. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ამ მიმართულებით. ტარდება შესაბამისი ტრენინგები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ყველა კომპანია, რომელიც მთლიანად გაითვალისწინებს კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისკენ მიმართულ რეკომენდაციებს, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ვითარება გზებზე: ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს>>

მიუხედავად კორონავირუსისა, საავტომობლო გზების დეპარტამენტი აქტიურად განაგრძობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას. ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გზის მშენებლობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.