კორონავირუსი და გამოწვევები, ანუ როგორ ერთობა სახლში დარჩენილი მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიამ ადამიანებში უამრავი ფარული შესაძლებლობა გამოავლინა, ხოლო სოციალური ქსელი ნამდვილ „შემოქმედებით ველად“ იქცა...
Sputnik

უკვე თითქმის ერთი თვეა სახლებში ვართ გამოკეტილი. მუშაობითაც კი სახლიდან ვმუშაობთ და, გარეთ გასვლის ნატვრაში, ზოგმა კულინარიის ნიჭი აღმოაჩინა, ზოგმა მშენებლობის და ზოგმა კიდევ სახლის ყველა ნივთი გადახატა ფურცელზე...

ჰოდა, ამასობაში კორონავირუსის პანდემიამ ადამიანებში უამრავი ფარული შესაძლებლობა გამოავლინა.

სახლში დარჩენილმა საზოგადოებამ ერთმანეთის გამოწვევა დაიწყო. ბოლოს კი ისე აღმოჩნდა, რომ „ჩელენჯისთვის“ დათმობილი ერთი წუთით სხვას პოზიტივს უზიარებდნენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. გამოწვევებს ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეუერთდნენ.

გამოწვევებმა გააერთიანა ექიმები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, სპორტსმენები, კომპანიები, რიგითი მოქალაქეები, უამრავი ადამიანი.

სოციალურ მედიაში უკვე პოპულარული „ტუალეტის ქაღალდის ჩელენჯი“ არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა აიტაცა, მათ შორის არიან ლეო მესი, დანი ალვესი, ვინისიუსი... გამოწვევას ქართველი ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, კამერის წინ ტუალეტის ქაღალდს კენწლავენ და ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ასეა, ხალხს „ციფრული დეტოქსიკაციაც“ მობეზრდა და ვარჯიში დაიწყო. იმის გამო, რომ მრავალ სხვა დაწესებულებასთან ერთად მსოფლიოს დიდ ნაწილში სავარჯიშო დარბაზებიც დროებით დაიხურა, ადამიანებს, რომელთა ყოველდღიურობის ნაწილიც იყო ვარჯიში, ჩვეული რუტინა დაერღვათ. არც ეს ვითარება აღმოჩნდა დაუძლეველი პრობლემა. სახლის პირობებშიც გამოძებნეს მრავალი კრეატიული საშუალება სასურველი ფიზიკური ფორმების შესანარჩუნებლად.

ქართველი პატარებიც არ ჩამორჩნენ ჯანსაღ გამოწვევებს.

კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მხატრული ტანვარჯიშის კლუბ „პირველების“ ბავშვები საყვარელ დარბაზს დაემშვიდობნენ, თუმცა კლუბის წევრები შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე ოპტიმიზმს არ კარგავენ და სახლში ვარჯიშის პარალელურად საინტერესო და გასართობ ვიდეოგამოწვევებს გვთავაზობენ.

პატარებმა თავდაპირველად ერთმანეთი, შემდეგ მწვრთნელები და ბოლოს ოლიმპიური ჩემპიონებიც კი გამოიწვიეს.
„პირველების“ აღსაზრდელები ამბობენ, რომ ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში სახლიდან ივარჯიშებენ, მეგობრებს გამოიწვევენ და ვიდეოებს ერთმანეთს გაუზიარებენ, და ამ ჟესტით ერთმანეთს გაამხნევებენ.

 

სახლში დარჩენილი ქართველები თავადაც იგონებენ ახალ გამოწვევებს. ახალგაზრდა ბიჭმა დიმიტრი ჩხეიძემ ვიდეომიმართვით პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე და ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოიწვია. ახალგაზრდა მოუწოდებს საზოგადოებას, ძველი ქართული სტილით მივესალმოთ ერთმანეთს და არა ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით და გადაკოცნით, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი კორონავირუსით დაინფიცირება.

ჟურნალისტმაც და პოლიტიკოსმაც გამოწვევა მიიღეს.

ამ ბოლო დროს მოკლე, სახალისო და კრეატიული ვიდეოგამოწვევები იმსახურებს მილიონობით ნახვასა და რეაქციას. ყველა ასაკის ადამიანისთვის მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ ქსელებში პლატფორმა „ტიკტოკის“ ვიდეოკონტენტი სულ უფრო პოპულარული ხდება. ვიდეოეფექტებისა და ვიდეომონტაჟის გამოყენება მომხმარებლებისთვის თვითგამოხატვის საკმაოდ აქტუალურ გზად იქცა. საზოგადოება სახალისო ვიდეოებით მოუწოდებს ერთმანეთს, თუ რატომ უნდა დარჩნენ სახლში და რა უნდა აკეთონ სახლში დარჩენილებმა.

საქართველოში სოციალური მედიის ამ პლატფორმაზე ბევრი ფიქრობს, რომ მხოლოდ თინეიჯერებისთვისაა. საზღვარგარეთ კი უამრავი წარმატებული მოდელი, მომღერალი, ჰოლივუდის მსახიობი, ბიზნესმენი იყენებს საკმაოდ გონივრულად და პროდუქტიულად.

ერთმანეთისთვის გაზიარებულმა პოზიტივმა მსოფლიოს მასშტაბით ექიმებიც აამღერა, ააცეკვა და გაახალისა. მედიკოსები საავადმყოფოში ჩაწერილ პოზიტიურ ვიდეოებს აქვეყნებენ და მოსახლეობას ეუბნებიან - „ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, დარჩით სახლში ჩვენთვის“.

ასე გვითხრეს - სახლში დარჩითო. ჩვენც, ჩვენი მხრიდან და სახლებიდან გთავაზობთ გამოწვევას: მოვიძიოთ როგორ გამოითქმის „დარჩი სახლში“ იმ ქვეყნის მეზობელი ქვეყნების ენაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ მეგობრებს, რომ სახლში დარჩენა დღეს ერთმანეთზე ზრუნვაა.

რუსულად - оставайтесь дома

სომხურად - մնալ տանը

აზერბაიჯანულად - vdə qalmaq

თურქულად - evde kal