COVID-19 - ბოლო ცნობები

იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეთა ონლაინ-მომსახურების ახალ მოდელს აუმჯობესებს

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმაზე თუ როგორ შეეგუა და მუშაობს მისი უწყება კორონავირუსის პანდემიის პირობებში
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. იუსტიციის სახლები, სანოტარო  ბიუროები, საჯარო და სამოქალაქო რეესტრები, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ცენტრი მოქალაქეთა მომსახურების ახალ ონლაინ-მოდელს ერგება და ყოველდღიურად აუმჯობესებს მუშაობის უნარ-ჩვევებს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მინისტრის განცხადებით, პრაქტიკულად  ყველა სერვისი მოქალაქეების უკონტაქტო მომსახურებაზე გადავიდა, დარჩა მხოლოდ რამდენიმე სერვისი, რომელთათვისაც ოპერაციების შესასრულებლად აუცილებელია პიროვნების იდენტიფიცირება, მაგალითად უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვის შემთხვევაში. ამისათვის მობილური ჯგუფები ფუნქციონირებენ.

„თქვენ თუ გადაწყვეტთ, რომ მაინცდამაინც დღეს უნდა გაყიდოთ ან შეიძინოთ უძრავი ქონება. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ჩვენ ერთხელ მაინც უნდა გნახოთ. იმისთვის, რომ თქვენი ქონება თქვენ ნაცვლად არ გაასხვისოს სხვამ. ჩვენ თუ 70 წელს გადაცილებულთან გვაქვს საქმე, ასეთ მოქალაქეებს ადგილზე გაუწევს მომსახურებას „შეფუთულები“. ანუ ჩვენი თანამშრომლები ჯანდაცვის ყველა სტანდარტით არიან აღჭურვილები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიწის ნაკვეთებისთვის ყიდვა-გაყიდვისთვის ასევე არსებობს სპეციალური კომისია, რომელსაც მუშაობა არ შეუწყვეტია.

იუსტიციის სამინისტრომ დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა განაახლა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოველდღიურად, მხოლოდ იუსტიციის სახლებში 8 000-ზე მეტი ზარი შედის, მომსახურების განვითარების სააგენტოში - 3 000-დან 4 000-მდე. მისი თქმით, სერვის-ცენტრების თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა დისკომფორტი არ იგრძნონ.

გარდა ამისა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ პენიტენციარულ სისტემაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ეს ეხება დაწესებულებების თანამშრომლებსაც და პატიმრებსაც. მთელი სისტემა პრაქტიკულად გადავიდა მუშაობის საკარანტინო რეჟიმზე.

წულუკიანის თქმით,  დილაობით ყოველი მისი სატელეფონო საუბარი თანამშრომლებთან ინფიცირებულების შესახებ კითხვით იწყება.

თეა წულუკიანი: მაქსიმალური ყურადღება ექცევა იმას, რომ ციხეებში არ მოხდეს ვირუსის შეტანა

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატიმრებს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ შემოღებულ შეზღუდვებს, მინდა მადლობა გადავუხადო კერძო კომპანიებს. რომლებიც ემსახურებიან ციხეებს და აჩვენებენ თანამშრომლობის უმაღლეს დონეს და რა თქმა უნდა მინდა ვუთხრა მადლობა ჩვენს 800 თანამშრომელს, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაიკეტნენ ციხეებში. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ასეთ გადაწყვეტილებას. ვიცით რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ ეს არის ის წვლილი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს, რათა ქვეყანა არ ჩამოიშალოს“ - გამაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ციხეების თანამშრომლები შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პატიმრებმა აღდგომის აღნიშვნა შეძლონ, წითელი კვერცხებითა და სანთლებით.

წულუკიანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც პატიმრებს ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრების ხარჯები დაუფარეს, რათა ურთიერთობების შეზღუდვების კომპენსირება მოეხდინათ.