თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. კორონავირუსული ინფექციის კიდევ ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს გამონაყარი ფეხებზე, აცხადებენ იტალიელი და ესპანელი მედიკოსები, რის თაობაზეც წერს გამოცემა Dayli Mail.
ექიმების თქმით, COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ყოველ მეხუთე იტალიელს კანის პრობლემები აღენიშნება და ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში ფიქსირდება.
ესპანეთის პედიატრთა ასოციაციაში აღნიშნეს, რომ კორონავირუსის დროს კანზე გამონაყარი ჩუტყვავილასა და წითელასათვის დამახასიათებელ გამონაყარს ჰგავს. როგორც წესი, სიწითლე ფეხის თითებზე ჩნდება და საბოლოოდ ისე ალაგდება, რომ კვალს არ ტოვებს.
ორი ქვეყნის მედიკოსები მოუწოდებენ საზოგადოებას, მთელი სერიოზულობით მიუდგნენ მსგავსი გამონაყარის გამოვლინებას და მსგავსი სიმპტომის შემთხვევაში ყურადღებით დააკვირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე სიმპტომებზე ალაპარაკდნენ ფრანგი დერმატოლოგ-ვენეროლოგებიც, რომლებმაც კანზე გამონაყარი გარეგნულად ჭინჭრის ციებას შეადარეს.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსის მძიმე ფორმა გადაიტანეს, აღენიშნებათ ფილტვების მოცულობის შემცირება და თავის ტვინის ფუნქციონირების გაუარესება. ამგვარი დასკვნის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ) სისტემური ბიოლოგიის პროფესორი ანჩა ბარანოვა აცხადებს.
მისი თქმით, მძიმე ფორმის COVID-19-სგან განკურნების შემდეგ ახალგაზრდა პაციენტებს სირბილი უჭირთ, ხოლო ხანდაზმულებს – კიბეებზე ასვლა, რაც მანამდე მათთვის დამახასიათებელი არ იყო.
გარდა ამისა, როგორც პროფესორი განმარტავს, COVID-19-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ არაერთი ნევროლოგიური სიმპტომი.
„მაგალითად, მძიმე ფორმის დროს ხანდაზმულებს უფიქსირდებათ გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია. ეჭვგარეშეა, რომ ვირუსს აქვს უნარი, გამოიწვიოს ნეიროანთება“, — აცხადებს სპეციალისტი.
ბიოლოგის თქმით, რამდენ ხანს შენარჩუნდება კორონავირუსით დაავადების ამგვარი შედეგები, ჯერჯერობით უცნობია. ყოველ შემთხვევაში, განკურნებული პაციენტები ამბობენ, რომ დაბინდული აზროვნება და დაღლილობის შეგრძნება საავადმყოფოდან გაწერის შემდეგაც უგრძელდებათ.
COIVD-19-ის ფსიქოლოგიური შედეგები: ექიმი საზოგადოებას აფრთხილებს>>
მანამდე კორონავირუსული პანდემიის გამო ხანგრძლივი იზოლაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორებიცაა დეპრესიები, პოსტტრავმული აშლილობები და სუიციდური განწყობები, არ გამორიცხა იტალიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა სარა რეჯინელამ.