თბილისის „ცენტროლიტი“ - გამარჯვების სამჭედლო

საქართველოს დედაქალაქში ომის დროს მუშაობდა ქარხანა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასა და კავკასიაში, ყირიმსა და შავ ზღვაზე გერმანული ჯარის განადგურებაში
Sputnik

დმიტრი ვერხოტუროვი სპეციალურად „Sputnik–საქართველოსთვის

საქართველოში, რომელიც 1941-1943 წლებში ამიერკავკასიისა და შავი ზღვის ფლოტებს (მათი მთავარი ამოცანა იყო, მოეგერიებინათ გერმანელების შემოტევა, რომელიც მიზნად ისახავდა კავკასიაში ბაქოს ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდებას) უმაგრებდა ზურგს, მუშაობდა დიდი მნიშვნელობის მქონე საწარმო - თბილისის „ცენტროლიტის“ ქარხანა. მისი შენება 1932 წელს დაიწყო. 

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს დაბადების დღე მიულოცეს – ის 102 წლისა გახდა>>

რა არის „ცენტროლიტი“? ესაა სპეციალიზებული ქარხანა, რომელიც ამზადებს თუჯისა და ფოლადის დეტალებს მანქანათმშენებლობისა და სარკინიგზო საწარმოებისთვის.

ლითონის ჩამოსხმა მეტად რთული საქმე იყო და გამოცდილ სპეციალისტებს მოითხოვდა. პირველ ხუთწლედში გადაწყდა, აშენებულიყო ლითონის ჩამომსხმელი მსხვილი სპეციალიზებული ქარხნები. პირველი ასეთი საწარმოები გამოჩნდა მოსკოვსა და ლენინგრადში. მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და თბილისშიც დაიწყო „ცენტროლიტის“ მშენებლობა.

ქარხანა 1935 წელს ამოქმედდა. 1940 წელს მან 2 285 ტონა თუჯისა და 215 ტონა ფოლადის დეტალები - საპროექტო სიმძლავრის ნახევარზე ნაკლები - გამოუშვა. მაგრამ ამიერკავკასიისთვის, სადაც მეტალურგია ნაკლებად იყო განვითარებული, ეს სერიოზული შენაძენი იყო.

თბილისის „ცენტროლიტი“ - გამარჯვების სამჭედლო

„ცენტროლიტი“ დროთა განმავლობაში გაფართოვდა: დამონტაჟდა ორი საშრობი ღუმელი ჩამოსხმული ფორმებისთვის, აშენდა გზატკეცილი, ცალკე წყალგაყვანილობა, დიდი საწყობი. 1941 წელს აქ 300-მდე ადამიანი მუშაობდა და ქარხანას საკუთარი საბავშვო ბაღიც კი ჰქონდა.

თუჯის დეტალებიდან ჭურვებამდე

ომის დასაწყისმა ქარხნისთვის შედარებით მშვიდად ჩაიარა. საბრძოლო მოქმედებები აქედან შორს მიმდინარეობდა და „ცენტროლიტი“ თავის „მშვიდობიან“ პროდუქციას ამზადებდა. ომის დასაწყისში ქარხნიდან ფრონტზე წავიდა 58 ადამიანი.

1941 წლის ოქტომბერში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. გერმანელებმა 1941 წლის აგვისტოში გაანადგურეს სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტები, შეიჭრნენ დონბასსა და ყირიმში, სადაც ოქტომბრის ბოლოს სევასტოპოლის შტურმი დაიწყო, შეუტიეს ასევე აზოვის ზღვის სანაპიროდან დონის როსტოვს.

ვითარება კრიტიკული იყო. 1941 წლის ოქტომბერში თბილისის „ცენტროლიტს“ ყველა შეკვეთა გაუუქმეს და კოქსით მომარაგება შეუწყვიტეს. თუმცა კოქსი აღარც იყო, რადგან კოქსის ქარხანა დონბასში გერმანელებმა ჩაიგდეს ხელში.

ქარხანა გარკვეული დროის განმავლობაში წვრილ და შემთხვევით შეკვეთებზე მუშაობდა, ამზადებდა ღუმელებს და ელოდა გადაწყვეტილებას. ოქტომბრის ბოლოს „ცენტროლიტმა“ М-25 დეტალების გამოშვების ბრძანება მიიღო.

რამდენი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია საქართველოში>>

М-25 დეტალი - არის საბრძოლო იარაღი, ჭურვი 25-მილიმეტრიანი ავტომატური საზენიტო ქვემეხისთვის. გერმანული ავიაცია გამალებით ბომბავდა სევასტოპოლს, შავი ზღვის სხვა პორტებს, შავი ზღვის ფლოტის გემებს და ტრანსპორტს. ჭურვები საზენიტო ქვემეხებისთვის საბჭოთა ჯარს ჰაერივით სჭირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხანაში მანამდე, ძირითადად, თუჯზე მუშაობდნენ, ბრძანების მიღებისთანავე საქმეს შეუდგნენ. ამიერიდან ქარხანას საბრძოლო იარაღის დეტალები უნდა დაემზადებინა.

ქართველთა აჯანყება ტექსელზე: შავ-თეთრი ჩრდილები

ამავდროულად ქარხანა ემზადებოდა გერმანული ავიაციის თავდასხმების მოსაგერიებლად. დოკუმენტებში შემორჩენილია ჩანაწერები ამ მიზნებისთვის კაპიტალური დაბანდებების შესახებ - 35 ათასი რუბლი საჰაერო თავდაცვისთვის და სხვ.

ქარხნის კოლექტივმა კარგად გააცნობიერა საშიშროება და მთელი ძალით შეუდგა საქმეს. უკვე 1941 წლის ბოლოს გამოჩნდნენ მუშები, რომლებიც გადაჭარბებით ასრულებდნენ გეგმას: მერუჟან აკოპიანი - 261%, ნიკიფორე ტრილენკო - 160%, უშანგი დოკვაძე - 280%. მტერი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა საქართველოში შემოჭრილიყო და მუშაობა მთელი დატვირთვით იყო საჭირო.

თბილისის „ცენტროლიტი“ - გამარჯვების სამჭედლო

პრობლემა მრავალი იყო. ფოლადის წარმოება არ იყო კარგად განვითარებული. მუშაობდა ორი ელექტროღუმელი, მაგრამ მათი ერთდროულად ჩართვა არ შეიძლებოდა ტრანსფორმატორის გადატვირთვის გამო. ამოიწურა ღუმელების ელექტროდების მარაგიც. მათი დამზადება ადგილზე დაიწყეს, მაგრამ კუსტარული ელექტროდები ხარისხით არ გამოირჩეოდა და ხშირად იმტვრეოდა. აღარც ცეცხლგამძლე აგურის მარაგი იყო. ამწეებსაც შეკეთება სჭირდებოდა, მაგრამ ამოწურული იყო ამისათვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილების მარაგი.

მძიმე 1942 წელი

1942 წელი მთელი ამიერკავკასიისთვის ძალიან მძიმე გამოდგა. გერმანელებმა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტი გაარღვიეს და თითქმის გროზნომდე მიაღწიეს, ვოლგაზე კი - სტალინგრადამდე. რკინიგზაზე მოძრაობა ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიიდან შეწყდა, დარჩა მხოლოდ ერთი ხაზი - ზღვით ბაქოდან კრასნოვოდსკში და იქიდან რკინიგზით მთელ შუა აზიაზე გავლით.

სტუდენტებმა ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული 90 ქართველის სია აღმოაჩინეს

საქართველო პრაქტიკულად ალყაში იყო მოქცეული. მებრძოლი ფრონტები და ფლოტი მხოლოდ ამიერკავკასიაში მოქმედი ქარხნებისა და ფაბრიკების იმედად იყვნენ. ეს უკანასკნელნიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ.

წლის ბოლოსთვის ჯარმა ბევრი მძიმე მარცხი განიცადა. მებრძოლებმა დატოვეს სევასტოპოლი, მიწასთან გასწორებული, ფაქტობრივად განადგურდა ჯარი ქერჩის ნახევარკუნძულზე, გერმანელებმა ხელში ჩაიგდეს ტამანი.

თბილისის „ცენტროლიტმა“ დაიწყო საბრძოლო იარაღისთვის სხვადასხვა დეტალის დამზადება. პირველ რიგში, М-50 და М-82 - ნაღმების 50- და 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებისთვის. 1942 წელს გამოუშვეს 225,8 ათასი ერთეული М-50; 54,6 ათასი ერთეული М-82 და სხვ.

თბილისის „ცენტროლიტი“ - გამარჯვების სამჭედლო

ქარხანამ გამოუშვა ასევე 772 ერთეული АО-25 საავიაციო ბომბი. თუჯის დეტალებს მცირე მოცულობით ამზადებდნენ კოქსის სიმწირის გამო. ის აუცილებელი იყო, პირველ რიგში, დაზგების, ვაგონებისა და ელმავლების შესაკეთებლად.

საბრძოლო იარაღი ქარხნის პროფილს არ შეესაბამებოდა და ზუსტი ფორმების დამზადების გამოცდილება აქ აშკარად არ ჰყოფნიდათ. ბევრი წუნიანი პროდუქციაც დამზადდა: М-45 — 27,7%, М-50 — 47,6%, М-82 — 35,8%.

1942 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან ქარხანამ თითქმის შეწყვიტა მუშაობა ელექტროდების არქონის გამო. შემდეგ წარმოება აღდგა, მაგრამ ნაკლები სიმძლავრით.

ომის ბოლოს თბილისის „ცენტროლიტი“ კვლავ სამოქალაქო პროდუქციის დამზადებაზე გადაერთო: თუჯისა და ფოლადის დეტალების გამოშვებაზე მანქანათმშენებელი ქარხნებისთვის. 1945 წელს გამოუშვა 1574,8 ტონა თუჯისა და 433,6 ტონა ფოლადის დეტალები.

„ცენტროლიტს“ ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.