COVID-19 - ბოლო ცნობები

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ამ დროისთვის საქართველოში ერთადერთი რეგიონი, სადაც კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, კახეთია.
Sputnik

 

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში კორონავირუსი 30 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი,  სავარაუდოდ,  საბაჟო–გამშვებ პუნქტზე  მუშაობდა და კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება.  ის რამდენიმე დღის წინ მშობლებთან თბილისიდან ჩავიდა, საიდანაც ბაკურიანის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები ახლა მისი კონტაქტების დადგენას ცდილობენ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა

ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის განცხადებით, ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ექვსი პირი კი, რომელთანაც მას შეხება ჰქონდა, საკარანტინე ზონაში არიან გადაყვანილი. 15 აპრილს ბორჯომის ცხელების ცენტრში ინფიცცირებული მამაკაცის ოჯახის ერთი წევრი გადაიყვანეს, საბედნიეროდ, ტესტის პასუხი უარყოფითი დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში ერთადერთი რეგიონი, სადაც ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, კახეთია.

ბოლო მონაცემებით,  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 336–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 74, გარდაიცვალა 3. კიდევ სამი პაციენტი გადმოიყვანეს საქართველოში თურქეთიდან და სომხეთიდან, სადაც მათ კორონავირუსი დაუდგინდათ. კარანტინში იმყოფება 5 ათასი ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494.