COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში ეკლესიები აღდგომის დღესასწაულზე არ დაიხურება - მთავრობის პრეს-სპიკერი

საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღდგომის ღამეს მართლმადიდებელი ეკლესიები არ დაიხურება, მაგრამ აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვა
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს ეკლესიები აღდგომის დღესასწაულზე არ დაიხურება, ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იქნას სოციალური დისტანცირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ეკლესიებში დღესასწაულზე დაცული იქნება ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა ზომა.

„კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან იქნება მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, მან დააზუსტა, რომ კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება.

„ამ ნორმის დარღვევა კი, ფიზიკური პირებისთვის ითვალისწინებს 3 ათას ლარის ოდენობით ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა.

ჩიქოვანმა დასძინა, რომ 17 აპრილიდან შეიზღუდება სასაფლაოებზე გასვლა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა, 71 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა, სამი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე.