COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში პირბადეების წარმოებისთვის მარლა აზერბაიჯანიდან შემოიტანეს

საერთო ჯამში კორონავირუსის პანდემიის დაწყების მომენტიდან საქართველოში 1,65 მილიონი მეტრი მარლაა იმპორტირებული.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანიდან სამედიცინო მიზნებისთვის 500 000 მეტრი მარლა შეიტანეს, წერს „Sputnik-აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ჩართულობით საერთო ჯამში საქართველოში 1,65 მილიონი მეტრი მარლაა იმპორტირებული.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის მთავრობის ხელშეწყობით და ავიაკომპანია AZAL-ის ჩართულობით საქართველოში ჩინეთიდან სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა ჩამოიტანეს.

კერძოდ, ჩინურმა კომპანია „ფაუერჩაინამ“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამედიცინო ნიღბები და პირადი დაცვის ტანსაცმელი გადასცა.

აღჭურვილობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს დაურიგდება.

ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული კომპანიის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს ჰუ პენგს მადლობა პირადად გადაუხადა.

„ასეთ დროს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ახლა წინა ხაზზე იბრძვიან ჩვენი სიცოცხლისთვის“, – აღნიშნა ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ.

ეზუგბაია: ქართული წარმოების პირბადე ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს

ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 71 პაციენტი, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 5034 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 463 ადამიანია. კიდევ სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა სხვა ქვეყანაში და ისინი მკურნალობას საქართველოში აგრძელებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაწესდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.