COVID-19 - ბოლო ცნობები

„ეს არის შეღავათიანი პირობა“ - რა გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ აღდგომის დღესასწაულზე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვეტილება მიიღო - აღდგომაზე, 19 აპრილის ღამეს მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარს დატოვებს დილის ექვს საათზე, განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. სამშაბათს ინფიცირებულთა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა, რამაც საქართველოში ახალი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია. მოახლოებული აღდგომის აღნიშვნის საკითხი საპატრიარქოსა და მთავრობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების საგანი გახდა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.

„მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან, არაერთი კონსულტაცია გამართული და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა, როგორც სრულდებოდა ხოლმე. გათვალისწინებული იქნება ყველა მითითება, რომელიც სახელმწიფოსა და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურების იქნა მოწოდებული საპატრიარქოს მიმართ“, - აღნიშნა ანდრია ჯიღმაიძემ.
საქართველოში ეკლესიები აღდგომის დღესასწაულზე არ დაიხურება - მთავრობის პრეს-სპიკერი

მისივე განმარტებით, ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ წინა რეკომენდაციების მსგავსად, მრევლი ამასაც გაითვალისწინებს და ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია.

„დიდ ტაძრებში საუბარი არის ორმეტრიანი დისტანციის დაცვაზე პატარა, ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც. მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნის განმავლობაში ტაძარში ყოფნა, შესაძლებლობა ექნება დილის წირვას დაესწროს. ამით გადანაწილდება მრევლი“, - განაცხადა ჯიღმაიძემ. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა კრიტერიუმის მიხედვით განისაზღვრება ტაძრის სიდიდე ან სიმცირე.

აგრეთვე, ყველა ეკლესიასთან იმორიგევებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების დაცვას.

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომას აღნიშნავს და ამჯერად სახელმწიფო მოუწოდებს მორწმუნეებს სახლში დარჩნენ და საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდონ.

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა >>

14 აპრილს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 463 პაციენტია.