COVID-19 - ბოლო ცნობები

Facebook–მა ამირან გამყრელიძის ათობით ფეიკ–აკაუნტი გააუქმა

იმ აკაუნტებით, რომლებიც საქართველოს მთავრობის თხოვნით წაშალა Facebook-მა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის სახელით კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თხოვნით Facebook-მა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ათობით ყალბი აკაუნტი გააუქმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ამირან გამყრელიძის სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

Facebook-ზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ყალბი აკაუნტი შექმნეს

„ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ქსელ Facebook-თან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად ეძებს სხვა ყალბ აკაუნტებს, რომლებიც წამყვანი ქართველი მედიკოსების სახელით შეიქმნა.

დღეს ჟურნალისტებს ამ თემაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მიმართა, რომელმაც დაიჩივლა სოციალურ ქსელებში ყალბ გვერდებზე და ცრუ ინფორმაციაზე, რაც მისი სახელით ვრცელდება.