COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 მძიმე ფორმებს მიიღებს, თუ... მეცნიერები ადრეულ ნიშნებს ასახელებენ

მეცნიერებმა გააანალიზეს COVID-19-ით დაავადებული 4 103 პაციენტის მონაცემები და გაარკვიეს, რომ აქედან 650-ს ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდა, ან გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის ახალი ტიპით გამოწვეული ინფექცია მძიმე ფორმებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს რამდენიმე ადრეული ნიშანი გამოუვლინდება, აცხადებენ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გროსმანის მედიცინის სკოლის მკვლევარები, რომელთა ნაშრომის პრეპრინტიც გამოქვეყნებულია პორტალზე MedRxiv. 

სარგებელი მეტია: მეცნიერი ახალშობილის ინფიცირებულ დედასთან დატოვებას მოითხოვს

პრეპრინტი — ეს არის ნაშრომის შესახებ წინასწარი ანგარიში, რომელსაც რეცენზირება არ აქვს გავლილი. პრეპრინტის მიზანია, მასალები გამოქვეყნებამდე სხვა სპეციალისტებს გააცნოს, რათა ავტორს შესაძლებლობა ჰქონდეს, მათთან ერთად იმსჯელოს ნაშრომში დასმულ და განხილულ საკითხებზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ის გამოქვეყნდეს რეცენზირებულ სამეცნიერო გამოცემაში.  

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა გააანალიზეს ნიუ-იორკში COVID-19-ით დაავადებული 4 103 პაციენტის მონაცემები და გაარკვიეს, რომ მათგან დაახლოებით ნახევარს (1 999 პაციენტს) ჩვეულებრივი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, 650 ადამიანი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა — მათ ნაწილს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებოდა, ნაწილი კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში პირველი: კორონავირუსზე ვაქცინირებული ქალი შეგრძნებებზე საუბრობს>>

დაავადების კლინიკური სურათის ანალიზმა აჩვენა, რომ COVID-19, დიდი ალბათობით, მძიმე ფორმებს იღებს იმ შემთხვევებში, როდესაც ჰოსპიტალიზაციის ადრეულ ეტაპზე პაციენტს აღენიშნება C-რეაქტიული ცილის, D-დიმერისა (თრომბის წარმოქმნის მარკერი) და ფერიტინის მატება. შესაძლო გართულებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია ჟანგბადით სისხლის გაჯერების დაბალი მაჩვენებელი (<88%).

გარდა ამისა, მკვლევარებმა ასევე შენიშნეს, რომ ყველაზე ხშირად დაავადება კრიტიკულ ფორმებს იძენდა იმ პაციენტებში, რომელთაც გაცხიმოვნება (ჭარბი წონა) აწუხებდათ. მათთვის კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადების შანსი უფრო მაღალია, ვიდრე გულის ან ფილტვების ნოზოლოგიების მქონე ადამიანებისთვის, ამტკიცებენ კვლევის ავტორები.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 986 986 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 126 812 და განკურნებულია 494 368 პაციენტი.