თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ფოთიდან კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის ექიმი გადმოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსის მამაა.
ეს ფოთში კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის პირველი შემთხვევაა. 70 წლის ექიმი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობს.
დღეს გახდება ცნობილი, ექიმის ოჯახის წევრები არიან თუ არა ინფიცირებული. ანალიზების პასუხების მიღებამდე ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვმა 10-ს მიაღწია.
მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306-ს მიაღწია, საქართველოს სამი ინფიცირებული მოქალაქე სხვადასხვა ქვეყნებიდან გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელებულია 69 პაციენტი, გარდაცვლილია 3. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4990 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 პაციენტია.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტიდან შევიდა. ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
სამშაბათს, 14 აპრილს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღის ვადით ჩიკეტება საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში იკრძალება შესვლა–გამოსვლა.
ქვეყანაში მთლიანად შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაწესებულია ტაქსის მუშაობის მკაცრი რეგლამენტი – ნებადართულია მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურება.
ქუჩაში გამოსვლისას ყველა მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ყველას, განსაკუთრებით ხანშიშესულებს, სახლიდან გამოსვლას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ურჩევენ.
მანამდე, მარტის შუა რიცხვებში მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები, 21 მარტიდან კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ბოლნისის, მარნეულის, ვანის, ლენტეხის მუნიციპალიტეტებსა და ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც კორონავირუსის აფეთქების დიდი ალბათობა იყო.