საქართველოს საგარეო ბრუნვა წლის დასაწყისიდან 2,7%-ით დაეცა

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საგარეო ბრუნვა 16%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი – 13%-ით.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოდან 2020 წლის პირველ კვარტალში გაიტანეს 778,2 მილიონი დოლარის ქართული პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5,9%-ით ნაკლებია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის იანვარ–მარტში იმპორტმა თითქმის 2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 1,4%-ით ნაკლებია 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

პრემიერის თვალით დანახული ანტიკრიზისული გეგმა

მთლიანობაში 2020 წლის იანვარ–მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 2,7%-ით შემცირდა და 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საგარეო ბრუნვა 16%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი – 13%-ით.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ზარალდებიან სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასვენებისა და გართობის სფეროები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ ასევე ფინანსური სექტორი, სამშენებლო სფერო, უძრავი ქონების სფერო, წარმოება და განათლება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს>>

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო ვაჭრობაში შეზღუდვების გამო ექსპორტის ვარდნამ ეკონომიკას, ვითარების განვითარების სცენარიდან გამომდინარე, შესაძლოა, 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე დოლარის ზარალი მიაყენოს.