დევნილთა სააგენტო 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს დაეხმარება

სურსათისა და ჰიგიენის საშუალებების ნაკრების დარიგება თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში დღეიდან დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენის საშუალებების ნაკრებს გადასცემს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„სოფლად სახლი“ - ექვსსულიან დევნილ ოჯახს ორსართულიანი სახლი გადასცეს

სააგენტოს ცნობით, ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარების მიზნით სააგენტოს ბიუჯეტში 100 ათას ლარამდე გამოიყო.

„ამ ეტაპზე, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები მიიღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სურსათისა და ჰიგიენის საშუალებების ნაკრების დარიგება თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში  დღეიდან დაიწყო. დევნილ ოჯახებს სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს ადგილზე მიუტანენ.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.