გახარია: საგანგებო რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 15 აპრილის 21:00 საათიდან ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ათი დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოში საგანგებო რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდება, საგანგებო რეჟიმის შეზღუდვები კი გამკაცრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00 საათიდან ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ათი დღის ვადით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ მან უახლოეს დროში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა 3. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია. 

მანამდე კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის ვადით გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.