COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისი იკეტება – საქართველოს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 15 აპრილის საღამოდან ქვეყნის ოთხ ძირითად ქალაქს ჩაკეტავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ხვალიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში იკრძალება შესვლა–გამოსვლა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00 საათიდან ათი დღის ვადით იკრძალება შესვლა–გამოსვლა ოთხ მსხვილ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, რათა ამ ქალაქებში მობილობა შემცირდეს“, – განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა გეგმავს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებას.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს კი ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია.