COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სოფელ ხიდისყურში კონტროლი გამკაცრდა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში ირანელებთან თარჯიმნად მუშაობდა.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში COVID-19-ის შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ შესვლასა და გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

კორონავირუსი ხიდისყურში 30 წელს გადაცილებულ ქალს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ირანელებთან თარჯიმნად მუშაობდა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ თბილისიდან სოფელში, ოჯახთან სტუმრად ჩავიდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა

საეჭვო სიმპტომები ქალის მეგობარსაც აღენიშნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა და ნიმუშების აღება. ქალი თბილისშია გადმოყვანილი.

ჯერ არ არის ცნობილი ოჯახის სხვა წევრების დიაგნოზი, თუმცა ისინი კარანტინში უკვე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, თვითიზოლაციის მითითება მიეცა პაციენტის მეზობელ ხუთსულიან ოჯახსაც, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო.

დაიკეტა ის ქსელური მაღაზია, რომელშიც დაავადებული ქალი ხშირად დადიოდა.

13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 67 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 453 პაციენტია.

ასევე საქართველოში მკურნალობს ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებიც უცხოეთიდან გადმოიყვანეს.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 13 აპრილისთვის>>

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.