COVID-19 - ბოლო ცნობები

მადრიდში ქართველ მღვდელმსახურს კორონავირუსი დაუდგინეს

მღვდელმა ისაუბრა იმ სიმპტომებზე, რომლებიც მას დიაგნოზის დასმამდე ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ ესპანეთში ამჟამად წირვის ჩატარება აკრძალულია.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს მადრიდში ცხრა დღის წინ კორონავირუსი დუდგინეს. ამის შესახებ მან ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში, საინფორმაციო გამოშვების დროს ჩართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, ინფიცირების წყარო ჯერ გარკვეული არაა. დაახლოებით ორი კვირის წინ არქიმანდრიტმა იგრძნო ტკივილი გულის არეში, სახსრებში, სისუსტე და თავის ტკივილი.

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი სასულიერო პირი დაინფიცირდა

„ათი დღის წინ სიცხე მომცა, სახსრების ტკივილი მქონდა, სისუსტეს ვგრძნობდი და თავის ძლიერი ტკივილი მქონდა, ექვსი დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის მხარეში. როდესაც ვსუნთქავდი, ვგრძნობდი, რომ გული მტკიოდა. გადამიღეს რადიოგრაფია. ანალიზები ამიღეს და მითხრეს, რომ ეს კორონავირუსია, მაგრამ ძალიან მსუბუქ ფორმაში“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დაბალი სიცხე ჰქონდა.

მღვდელმსახურის განცხადებით, ესპანეთში უკვე თვეზე მეტია, აკრძალულია ტაძრებში ღვთისმსახურების ჩატარება, ამიტომ ისინი ონლაინ–ლოცვებზე გადავიდნენ.

ამჟამად არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.