თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ევროპის ქვეყნებიდან კიდევ ორი დამატებითი რეისი დაინიშნა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, 30 აპრილს განხორციელდება სპეცრეისი თბილისი–მადრიდი–თბილისი, ხოლო 2 მაისს – თბილისი–პრაღა–თბილისი.
„ეს არის ის ორი ახალი რეისი, რომლის საშუალებითაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ სამშობლოში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
16 აპრილს დანიშნულია რეისი პარიზი–თბილისი, 18 აპრილს თელ–ავივი–თბილისი, 21 აპრილს კი რომი–თბილისი. დამატებითი რეისები დაინიშნა ბარსელონასა (24 აპრილი) და ვარშავაში (27 აპრილი). რეისები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების შესაბამისად შესრულდება. ბილეთები ფრენამდე ორი დღით ადრე გაიყიდება და ერთი ბილეთის ფასი იქნება 199 ევრო.
ფრენებს შეასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სამშობლოში უკვე დაბრუნდა საქართველოს 5,5 ათასზე მეტი მოქალაქე ჩინეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.