„ძალიან დროულია“ - საქართველოში დასაქმების ონლაინ-ფორუმი ჩატარდა

„დაასაქმე სმარტ-სტუდენტი“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო ოცმა წამყვანმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრმა (BTU) პირველი დისტანციური დასაქმების ფორუმი გამართა. ამის შესახებ საუბარია BTU-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ორგანიზატორებმა ფორუმის დისტანციურად ჩატარება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტეს. მით უმეტეს, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტებს, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ.

საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო სოლიდარობის ელექტრონული პლატფორმა

ფორუმი გაიმართა საუნივერსიტეტო პროექტის - „დაასაქმე სმარტ-სტუდენტი“ - ფარგლებში. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ოცმა წამყვანმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ. სამსახურის მაძიებლებმა დისტანციურად მოისმინეს კომპანიების პრეზენტაციები და დეტალურად გაეცნენ ვაკანსიების პირობებს.

თითოეულმა კომპანიამ სტუდენტებს შესთავაზა რამდენიმე ვაკანსია, რომლებიც დისტანციურად მუშაობას ითვალისწინებს. საერთო ჯამში, ვაკანსიების რაოდენობა 85-ს ასცდა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდობისთვის, დაიწყონ მუშაობა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებით.

ამ ფორუმს კარიერული ცენტრი BTU ყოველი სემესტრის ბოლოს მართავს. შედეგად, სტუდენტები მსხვილი კომპანიების სხვადასხვა დეპარტამენტში იწყებენ მუშაობას.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ზარალი განიცადეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფერომ, ტრანსპორტმა. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ფინანსური სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.

სახელმწიფო არ მიგატოვებთ: უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა დაეხმარება

დასაქმებულთა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს ან უვადო შვებულებაში იმყოფება.

სავაჭრო ობიექტების დახურვის ფონზე ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. ოფიციალურად მთავრობა ჯერ არ ასახელებს უმუშევრად დარჩენილთა რიცხვს, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს უმუშევრობის არსებულ მაჩვენებელს - 11,6%-ს.

მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და ეკონომიკის წასახალისებლად ორი მილიარდი ლარი გამოყო. მზადდება ასევე პოსტკრიზისული გეგმაც.

ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსის 266 შემთხვევაა გამოვლენილი. სამი ადამიანი გარდაიცვალა, 67 გამოჯანმრთელდა. 21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 31 მარტიდან კი - კომენდანტის საათი.