თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროს ახალ პროექტს „ტელესკოლა“, რომელიც მოწოდებულია კარანტინის პერიოდში მოსწავლეებს სასწავლო პროგრამის ათვისებაში დისტანციურად დაეხმაროს, 13 აპრილიდან ეროვნული უმცირესობებისთვის – სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გაკვეთილები დაემატა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„ტელესკოლამ“ სტარტი 30 მარტს აიღო. პროექტი ტელევიზიის ეთერში მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს. პროექტი განათლების სამინისტრომ მოამზადა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სწავლა შეჩერდა, ინტერნეტით დისტანციურ სწავლებაზე კი, სამწუხაროდ, ყველას არ მიუწვდება ხელი.
დღეიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მშობლიურ ენაზე მოუსმინონ მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილებს. ეს ეხება ყველა კლასის მოსწავლეს.
ახალი საგანმანათლებლო ტელეარხის სახელწოდება, რომელზეც „ტელესკოლის“ ტრანსლირება ხდება, არის „პირველი არხი – განათლება“ და მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ ბაზაზე.
პროექტი „ტელესკოლა“ მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.
პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ „კლასგარეშე გაკვეთილები“ – მათ დასვენების დღეებში აჩვენებენ. მოსალოდნელია, რომ ეთერით გადაიცემა ასევე სპორტის, ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები, აგრეთვე პროგრამირების გაკვეთილები, მუსიკის გაკვეთილები კომპოზიტორისა და შემსრულებლის დათო ევგენიძისგან და „მშობელთა საათი“.
„ტელესკოლის“ ეთერით გადაიცემა ასევე დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია), Arte-ს და BBC-ს დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები. პროგრამაში იქნება „აბიტურიენტის საათიც“, რომლის დროსაც აბიტურიენტები მოისმენენ პასუხებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.