COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორ დაბრუნდება პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში

საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება, შემდეგ ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინში მოთავსდებიან
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში დასაბრუნებლად მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეები ერევნიდან საქართველოში ავტობუსებით დაბრუნდებიან.

„პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები – 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში“, - განმარტავენ უწყებაში.
საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბერლინიდან დღეს დაბრუნდებიან

საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება, შემდეგ მათ ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაიყვანენ.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა 5 319 თანამემამულე, რომლებმაც უცხოეთიდან დამოუკიდებლად დაბრუნება კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოახერხეს. საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა ასევე დახმარება გაუწიეს 3809 საქართველოს მოქალაქეს - ისინი უზრუნველყვეს საცხოვრებლით, ტრანსპორტით, საკვებით, მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების სხვა ნივთებით.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჰაერო გზით ქვეყანაში დაბრუნდა დაახლოებით 3300 მოქალაქე, სახმელეთო გზით - დაახლოებით 1800 მოქალაქე, საზღვაოთი - 275.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 12 აპრილისთვის >>

დღეს შესრულდება ავიარეისი თბილისი-ბერლინი-თბილისი.

აპრილში ასევე დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები: ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ბარსელონიდან, რომიდან, თელ-ავივიდან და პარიზიდან.