COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

რამდენიმე მძიმე პაციენტი კლინიკაში რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან კავშირი არ ჰქონიათ
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnk. კლინიკა „თიმის“ (TIM) ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ექიმს საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა.

კლინიკის დირექტორის გიორგი კაჭახიძის ინფორმაციით, ყველა მედპერსონალი, ვისაც დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა ორკვირიან კარანტინს გაივლის. აღნიშნულის გამო, იზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორიც.

„დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ეს ექიმი არის სტაციონარის ექიმი. პაციენტებთან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჰქონდა კონტაქტი, კონტაქტი ჰქონდა ასევე თანამშრომლებთან და ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. დაახლოებით 30-მდე მედპერსონალია კარანტინში. რამდენიმე ადამიანია ასევე, ვისაც აქვს სიმპტომი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
საქართველოში კორონავირუსი 67-მა ადამიანმა დაამარცხა

რაც შეეხება კლინიკაში მყოფი პაციენტებს, ნაწილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო რამდენიმე მძიმე პაციენტი კლინიკაში რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შეხება არ ჰქონიათ.

„კლინიკა სავარაუდოდ, ორი კვირა იქნება დახურული. ამ დროისთვის კლინიკაში 10-მდე პაციენტია დარჩენილი, რომელთა სიმძიმეც არ გვაძლევს საშუალებას, რომ გადავიყვანოთ სადმე, ამიტომ მათთან რჩებიან ის ექიმებიც, რომლებსაც არ ჰქონიათ კონტაქტი დაინფიცირებულ ექიმთან“, – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

ეს საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 12 აპრილისთვის >>

გარდა ამისა, დღეს ასევე დაიხურა ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი. ის მას შემდეგ დაიხურა, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა 72 წლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 67 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 401 პაციენტია. ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.