ილია მეორე - ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას ბზობის დღესასწაული მიულოცა
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას მორწმუნეებს ბზობის დღესასწაული მიულოცა და კორონავირუსის ეპიდემიის დროს მრევლი გაამხნევა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მას ვერ წარმოედგინა, რომ „ქართველი ხალხი ასე მშვიდად და ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელს“.

„მაგრად იდექით, სხვები ლაპარაკობენ, უცხოეთში ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო, სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, თვითონ ვიცით, რომ ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება და მადლობა უფალს“, - იქადაგა პატრიარქმა.
ბზობა 2020: როგორ აღნიშნავენ საქართველოში მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას

მისივე თქმით, როდესაც უფალი განსაცდელს უგზავნის ადამიანს, მან მადლიერებით უნდა მიიღოს ეს და უფალი ამისათვის მას ძალას მისცემს.

„გადავიტანოთ ეს განსაცდელი. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგცემს შენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას, ეს არის ჩვენი განწმენდა. მაგრად იდექით“, - ბრძანა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას მორწმუნეებს გაძლიერებისკენ და სიყვარულისკენ მოუწოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 12 აპრილს ბზობას ზეიმობს.

მეუფე გრიგოლი: მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე >>

საქართველოში ბზობის დღესასწაულზე ეკლესია-ტაძრების ეზოებში ბზისა და ძეწნის რტოების სიმრავლეა, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ადგილობრივ დადგენილი ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე იხმარება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტებს ტაძრებში აკურთებენ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას ის სახლებში მიაქვს.

ამ დღეს ეკლესიებში წმ. იოანე ოქროპირის წირვა ტარდება. მათთვის კი ვინც მარხულობს, ბზობა ხსნილია თევზით.