COVID-19 - ბოლო ცნობები

როცა 100-ჯერ ნათქვამი არ გესმის - შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა.

სამართალდამცველებმა საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და ორ მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე დააჯარიმეს.

ასევე, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ხუთი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი დაწესდა. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

ქობულეთის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა >>

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 401 პაციენტია.