COVID-19 - ბოლო ცნობები

გარე ვაჭრობა საგანგებო მდგომარეობის დროს: როგორ მუშაობს წესები საქართველოში

აგრარული ბაზრები გაიხსნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოში ქუჩის მოვაჭრეებს შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა, განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

დახურული ბაზრების დილემა: როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი და მომხმარებელი >>

გასულ კვირაში საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აგრარული ბაზრები დაიხურა. ამან მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებსაც ხილისა და ბოსტნეულის შეძენა გაცილებით უფრო ძვირ ფასად სუპერმარკეტებში უწევთ.

„გარე მოვაჭრეებზე, რომლებიც სხვადასხვა რაიონში კორპუსების მიმდებარედ ვაჭრობენ, შეზღუდვები არ ვრცელდება, რადგან ამ შემთხვევაში რისკი მინიმალურია“, - განაცხადა კალანდაძემ TV Palitra-ს ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ტიპის ვაჭრობა მასობრივ ხასიათს მიიღებს, უსაფრთხოების მიზნით ისიც შეწყდება.

სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დიდი ბაზრები გაიხსნება იმ შემთხვევაში, თუ იქ პროტოკოლით ყველა უსაფრთხოების ზომა იქნება დაცული.

ახალი წესები ბაზრებისთვის

წესების თანახმად, ბაზრის შესასვლელთან უნდა დაიდგას დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარით, დახურული ბაზრების შიდა სივრცე უნდა განიავდეს ხშირად, ბაზრის ტერიტორიას კი რეგულარულად ჩაუტარდეს დეზინფექცია.

ასევე ბაზრის ტერიტორიაზე საპირფარეშოებისა და პირსაბანების საკმარისი რაოდენობა უნდა იყოს.

იმნაძე: შეიქმნა აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი

დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს აგრეთვე ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას. გამყიდველები კი ტერიტორიაზე მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ტემპერატურის შემოწმების შემდეგ უნდა დაიშვებოდნენ. მათ არ შეუშვებენ ბაზრის ტერიტორიაზე, თუ ისინი რისკის ჯგუფს ეკუთვნიან, თუ ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულებთან, ან აქვთ რესპირატორული დაავადების ნებისმიერი ნიშანი.

მომხმარებელთა ნაკადი გაკონტროლდება. ამასთან, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადეებით და ერთჯერადი ხელთათმანებით. მომხმარებელსა და გამყიდველს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრის დისტანცია.

ბაზრების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად დირექტორს უფლება ექნება, დააწესოს ვაჭრობის წესები, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის დღე, ხორცისა და ყველის დღე და ა.შ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 206 როგორც აგრარული, ისე სხვა სახის პროდუქციის ბაზრობა, რომელთაგან 66 თბილისში მდებარეობს. ბაზრებში 43,2 ათასი ადამიანი ვაჭრობს. ამასთან, თბილისში მათი რიცხვი 17,8 ათასია.