COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 242-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 60, გარდაიცვალა 3
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

დღეს გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი 67 წლის მამაკაცია. ის 25 მარტიდან მკურნალობდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.

მედიცინის დოქტორი: საქართველო კორონავირუსის გავრცელებით ევროპას ერთი თვით ჩამორჩება

ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა დღეს ბათუმის კლინიკა „მედალფა“. ჯამში, აჭარაში კორონავირუსისგან ექვსი პირი განიკურნა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში კიდევ ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

იმერეთის რეგიონში კი, დღევანდელი მონაცემებით,  კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ერთი პირი ქუთაისის კლინიკაში, ორი კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში არის გამოჯანმრთელებული.

ასევე, დღეს თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 242-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 60, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4929 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 405  პაციენტია.