დაკრძალვა კარანტინში: თბილისში ცნობილ ფოტოგრაფ გოგი ცაგარელს Facebook-ით გამოეთხოვნენ

მკაცრი კარანტინის პირობებში ფოტოგრაფის მეგობრებმა და ახლობლებმა სამძიმარი გამოთქვეს დისტანციურად - სოციალური ქსელების მეშვეობით
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. ცნობილი ფოტოგრაფი-დოკუმენტალისტი გიორგი ცაგარელი, რომელიც საქართველოში 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, შაბათს დაკრძალეს.

ცაგარელი თბილისში 9 აპრილს დილით მოულოდნელად გარდაიცვალა. ფოტოგრაფიის ოსტატი მუხატგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვა კარანტინში: თბილისში ცნობილ ფოტოგრაფ გოგი ცაგარელს Facebook-ით გამოეთხოვნენ

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში გაუქმებულია ყველა მასობრივი ღონისძიება, მათ შორის ქორწილები და ქელეხები. საზოგადოებრივ ადგილებში სამ კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია.

ცაგარელის ოჯახის თხოვნით, პანაშვიდები არ ჩატარდა და მეგობრებმა და ახლობლებმა თავისი მწუხარება სოციალური ქსელების მეშვეობით გამოთქვეს.

შავ-თეთრი ოსტატი

ცაგარელის ფოტოების წყალობით ნებისმიერ მსურველს შეეძლო, საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან გვერდებს გასცნობოდა. ოსტატი ბოლო ათწლეულების ყველა მთავარ მოვლენას აშუქებდა, იქნებოდა ეს სამხედრო კონფლიქტები, მოლაპარაკებები თუ საპროტესტო აქციები - მათი ამსახველი ფოტოსურათები პერიოდულად გალერეებში იფინებოდა.

საქართველოში ეროვნული ერთიანობის დღე აღინიშნება >>

სიმბოლური აღმოჩნდა ბოლო გზავნილი, რომელიც გოგი ცაგარელმა სოციალურ ქსელში 8 აპრილს, 20:18 საათზე გამოაქვეყნა. ის ეძღვნებოდა 9 აპრილის მოვლენებს: „კარანტინზე, კომენდანტის საათზე, Covid-19-ზე, სამედიცინო ნიღბებსა და სხვა ფაციფუცის მიღმა როგორღაც ყველას მიავიწყდა... არადა ეს ხომ ამაღამ მოხდება, 31 წლის წინ“.

მეგობრები და კოლეგები გოგის იხსენებენ, როგორც პატიოსან და წესიერ ადამიანს, კარგ მეგობარსა და შესანიშნავ ფოტოგრაფს.

„გოგა ცაგარელი საქართველოს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისი ფოტოებიდან ყოველთვის გამოსჭვიოდა რეალობა. მას არ მოსწონდა დადგმული სცენები, ცდილობდა კომპოზიციურად და შინაარსიანად გადმოეცა ის, რაც ნამდვილად ხდებოდა, მაგრამ თავისებური ხედვით“, - ამბობს ფოტოგრაფი სერგო ედიშერაშვილი „Sputnk-საქართველოსთან“ საუბრისას.

ედიშერაშვილის თქმით, მას მოუწია გოგისთან ერთად მუშაობა ბევრ გადაღებაზე, მათ შორის, სამხედრო მოქმედებების დროს.

„მას უყვარდა შავ-თეთრი ფოტოგრაფია, რადგან ეს ფოტოგრაფიის შინაარსს უფრო დოკუმენტურს ხდიდა. და ბოლოს, თუ გვერდზე გადავდებთ იმას, რომ გოგი დიდი ფოტოჟურნალისტი იყო, ის არაჩვეულებრივად პატიოსანი ადამიანი იყო“, - აღნიშნა ედიშერაშვილმა.

დაკრძალვა კარანტინში: თბილისში ცნობილ ფოტოგრაფ გოგი ცაგარელს Facebook-ით გამოეთხოვნენ

ოსტატის კიდევ ერთი კოლეგა - ფოტოგრაფი ვანო შლამოვი იხსენებს, რომ ცაგარელი მეტად გულისხმიერი ადამიანი იყო.

„მისი პატიოსნებისა და კულტურის შესახებ იცოდა ყველამ, ვინც მას იცნობდა. როგორც ფოტოგრაფი, იგი პროფესიას უკვე მოწიფულობის ასაკში დაეუფლა. ჰქონდა თავისი ხელწერა. როგორც მისი თაობის მრავალ კოლეგას, უწევდა რეგიონის ყველა შეიარაღებული კონფლიქტის გადაღება, ასეთი კი, სამწუხაროდ, ცოტა არ ყოფილა. ის გემოვნებიანი ადამიანი იყო, რაც ფოტოგრაფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა შლამოვმა „Sputnk-საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, გოგი, როგორც უფროსი თაობის ბევრი სხვა ფოტოგრაფი, დიდი ხალისით არ გადასულა ციფრულ ტექნიკაზე.

„შავ-თეთრი ფოტოების ბეჭდვა შეიძლება სახლში, სააბაზანოში, ქიმიკატების მინიმალური ნაკრებით. მას უყვარდა ეს პროცესი - ქიმიკატების აწონა, გასამჟღავნებლის დამზადება და ფიქსაჟი. წითელ ფერთან ჯადოქრობა - მაგიასავითაა“, - განაცხადა შლამოვმა.

გლოვა სოციალურ ქსელებში

გოგი ცაგარელის გვერდი „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილებით აივსო. ადამიანები აქვეყნებენ ხელოვანის მიერ გადაღებულ ფოტოებს და ამგვარად ცდილობენ თავიანთი პატივისცემის გამოხატვას.

„გოგაც წავიდა... მშვიდობით, მეგობარო, კარგო, ძალიან გულწრფელო ადამიანო, სუპერპროფი, რომელთანაც ამდენი გვიმუშავია, გადაგვიტანია, გაგვივლია მშვიდობიანი და სამხედრო გზებითაც. ის ნამდვილად დაგვაკლდება!“ - წერს ვლადიმერ გოლოვინი.

„ეს ფოტოსურათი დღეს დილით, მზის ამოსვლისას გადავიღე. ვუძღვნი Georgi Tsagareli-ს - დიდ ფოტოგრაფს, რომელიც სხვა სამყაროში წავიდა...“ - წერს Salby Larisa

„ყველას, ვინც მას იცნობდა, ჰყავდა თავისი გიორგი ცაგარელი. ჩემი გოგი ცაგარელი - მარტყოფის ბავშვთა სახლის ფოტოა, რომელიც 1998 წელს, ქართული გაზეთიდან მივლინების დროსაა გადაღებული. წავიდა დიდი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და სამაგალითო მოქალაქე. მშვიდად განისვენე“, - წერს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„დიდი ფოტოგრაფი, დიდი პროფესიონალი, - წერს Polina Efremenko, - მახსოვს, როგორ ვტიროდი დეკემბერში, როდესაც თქვენი ნამუშევრის პირდაპირ ვიდექი Black&White Gallery-ში. მახსოვს, როგორ ვტიროდი ჩვენი შეხვედრის შემდეგ იმის გამო, თუ რამდენი სიცოცხლე იყო თქვენს სიტყვებში. თქვენი გაცნობა - ჩემთვის მეტად ძვირფასი მოგონებაა. ძალიან, ძალიან მტკივნეულია...“

დაკრძალვა კარანტინში: თბილისში ცნობილ ფოტოგრაფ გოგი ცაგარელს Facebook-ით გამოეთხოვნენ

ხელოვანს მადლიერების არაერთი სიტყვა ეძღვნება. მაგალითად, Tamriko Ilia Molashvili წერს: „ფოტო ჩემი წიგნის ყდისთვის გოგამ გადაიღო... და უფასოდ გადმომცა... გოგა ცაგარელი გარდაიცვალა, მე არ შევხვედრივარ მასზე უფრო კეთილშობილ, უფრო ერთგულ ადამიანს და პროფესიონალს“.

რისკის ფასი

გოგაზე საუბარი წარსულ დროში ძალიან უჭირს მის მეგობარსა და კოლეგას ვლადიმერ ვალიშვილს.

„ძალიან დასანანია... ეს ქართული დოკუმენტური ფოტოგრაფიისთვის უდიდესი დანაკარგია, ამას ყოველგვარი პათოსის გარეშე ვამბობ... დიდი დანაკარგია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის... ახალგაზრდა ფოტოგრაფების თაობისთვის... ყველასთვის, ვინც მას იცნობდა“, - ამბობს ვალიშვილი „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ცაგარელის ნამუშევრებში ყოველთვის ჩანდა მომხდარის უტყუარობა.

დაკრძალვა კარანტინში: თბილისში ცნობილ ფოტოგრაფ გოგი ცაგარელს Facebook-ით გამოეთხოვნენ

„გოგა იყო დოკუმენტალისტი რეპორტიორი. იგი ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდა, ხშირად რისკზე მიდიოდა. მისი ფოტოები „ცხელი წერტილებიდან“ ასახავს მოვლენებს ყოველგვარი საავტორო აქცენტების გარეშე, თუმცა პროფესიონალის საოცარი ოსტატობით... ყველაფერი, რაც მან გადაიტანა, ოსტატის ჯანმრთელობაზე აისახა... სამწუხაროდ, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც ჩვენი პროფესიის ადამიანებს გვიწევს... მშვიდობით, მეგობარო! შენთან ერთად ძალიან საინტერესო იყო! მშვიდად განისვენე“, - ამბობს ვალიშვილი.