ყვითელი ამბები

თორნიკე ყიფიანმა კოვიდ 19-ის ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებულმა თორნიკე ყიფიანმა და ფინალისტმა ბარბარა სამხარაძემ გადაწყვიტეს კოვიდ-19 ის საწინააღმდეგოდ შექმნილ ფონდში ფული გადარიცხონ
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მომღერალმა თორნიკე ყიფიანმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას თავად მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც თორნიკე წერს, ეს თანხა „საქართველოს ვარსკვლავი“-ში გამარჯვების შედეგად, თბილისის ღია უნივერსიტეტმა საჩუქრად გადასცა, მისი სურვილია, გრანტი ფონდში გადაირიცხოს.

ფონდში თანხის გადარიცხვის სურვილი ამავე პროექტში მონაწილე ბარბარე სამხარაძემაც გადარიცხა. „ეგ გრანტი ჩაბარების შემთხვევაში მხოლოდ სხვა კურსის გავლას აფინანსებს, როგორც ასეთი რომელიმე სპეციალობა არ გვიფინანსდება. თუკი გადარიცხავენ, მეც თანახმა ვარ, ჩემიც გადარიცხონ“, - ასე გამოეხმაურა თორნიკეს პოსტს სამხარაძე.

საზოგადოებამ თორნიკე ყიფიანი გაიცნო მუსიკალური პროექტით „X-ფაქტორი“, რომელიც ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა. თორნიკეს თაყვანისმცემელთა და გულშემატკივართა რაოდენობა ტურიდან ტურამდე იზრდებოდა. ყოველი კენჭისყრის შემდეგ მეტოქეებთან მისი უპირატესობა სულ უფრო შესამჩნევი იყო. შედეგად, სწორედ თორნიკე ყიფიანი გახდა პროექტის გამარჯვებული. მენტორებმა მას „X-ფაქტორის ბრილიანტიც“ კი შეარქვეს. ხუთი წლის შემდეგ ყიფიანმა გადაწყვიტა ძალები კიდევ ერთ მუსიკალურ პროექტში – „საქართველოს ვარსკვლავში“ მოესინჯა. თორნიკემ ამ შოუშიც გაიმარჯვა. ახლა იგი საქართველოს „ევროვიზია 2020-ზე“ წარადგენს. კონკურსი ნიდერლანდებში მაისში გაიმართება. სხვათა შორის, პროფესიით თორნიკე არქიტექტორია.

ბევრი ქართველი მუსიკოსი ვერ დაიკვეხნის იმით, რომ Youtube-ზე მისი კლიპები სამ მილიონ ნახვას აგროვებს. გარდა იმისა, რომ თორნიკე ყიფიანი კარგად მღერის, ის არანაკლებ ოსტატურად უკრავს გიტარაზე და აკომპანირებას უწევს ესტრადის სხვა ქართველ ვარსკვლავებს. ინტერვიუებში მუსიკოსი ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან თვითკრიტიკულია და იშვიათადაა კმაყოფილი თავისი გამოსვლებით. ასეთი დამოკიდებულების შედეგი ნათელია – საქართველოს ორ ყველაზე რეიტინგულ მუსიკალურ შოუში გამარჯვება. წინ კი ნიდერლანდებია.