COVID-19 - ბოლო ცნობები

დედას ვერაფერი შეაჩერებს: შვილის დასაბრუნებლად ქალმა მარტომ გაიარა ათასობით კილომეტრი

50 წლის ქვრივმა დედამ სამი დღე შეუსვენებლად იარა სკუტერით, რათა მისგან 1 400 კილომეტრის დაშორებით კარანტინში გამოკეტილი შვილი შინ დაებრუნებინა.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. მარტოხელა დედამ, რომლის ვაჟიც პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის გამო მისგან 1 400 კილომეტრის დაშორებით აღმოჩნდა ჩაკეტილი, ეს მანძილი მარტომ დაფარა სკუტერით, რათა შვილი წამოეყვანა, იუწყება India Today.

გავრცელებული ინფორმაციით, თავგანწირულ დედას ამის უფლება პოლიციამ ოფიციალურად მიანიჭა. 

​როგორც ირკვევა, 50 წლის რაზია ბეგუმი მასწავლებელია და ორი შვილი ჰყავს. მისი 17 წლის ვაჟი მარტში მეზობელ შტატში გაემგზავრა მეგობრის ავადმყოფი მამისთვის დახმარების აღმოსაჩენად და ჩარჩა კიდეც იქ მას შემდეგ, რაც ინდოეთის ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა.

რაზიამ პრაქტიკულად შეუსვენებლად იარა სამი დღე და ღამე და ბოლოს, როგორც იქნა, შვილამდე მიაღწია. 

„სკუტერით შორ მანძილზე მგზავრობა ქალისთვის ძალიან ძნელი ყოფილა. ღამით უკაცრიელ გზებზე სიარულისას, როცა კაციშვილი არ ჭაჭანებს და არც ავტომობილები მოძრაობს, ძალიან მეშინოდა. მაგრამ შვილი მყავდა დასაბრუნებელი და ამან ყველანაირი შიში გადაფარა“, — ამბობს დედა. 

მართალია, კარანტინი ინდოეთში 14 აპრილამდეა გამოცხადებული, მაგრამ ხელისუფლება არ გამორიცხავს, გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობის ვადა, ვინაიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომეტიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 771 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაცვლილია 228 და განკურნებულია 665 კაცი.